შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ორი პირი, რომლებიც ფიგურირებენ საპროტესტო დემონსტრაციიდან რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ, ფარულად გადაღებულ კადრებში და, პროსახელისუფლებო მედიის ცნობით, „ძალადობრივ გეგმებზე“ საუბრობენ. დაკავებული არიან ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი. პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე წერს, რომ ორივე მათგანი „ლელოს“ წევრია. იგი ბრალდებას „ბოდვას“ უწოდებს. „ტელეკომპანია „იმედზე“ გასული ბოდვის გამო ახლახანს დააკავეს ჩვენი წევრები - ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი“, - წერს ბუაძე. ორივე მათგანის დაკავებაზე ინფორმაცია მანამდე გაავრცელა პროსახელისუფლებო „რუსთავი 2-მა“. „ეს იყო მუშა, რომელიც ჩვენთან მუშაობდა და მოგვივიდა ინფორმაცია, რომ აწყობდა გადატრიალებას“, - „რუსთავი 2-თან“ ამბობს ქალი ვეფხია კასრაძეზე. რადიო თავისუფლება ბრალდებაზე ინფორმაციის დაზუსტებას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს. ...