წყაროების თანახმად, რომლებსაც ესაუბრა რადიო თავისუფლების უნგრული რედაქცია, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან რამდენიმე სატელეფონო საუბარი გამართა მას შემდეგ, რაც 5 ნოემბერს გაიმარჯვა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. წყაროებმა უნგრეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ ტრამპს სურდა ორბანის აზრი გაეგო უკრაინაში ომის შეწყვეტის თაობაზე, რომელიც დღემდე გრძელდება 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ტრამპმა გააკრიტიკა მილიარდობით დოლარი, რაც შეერთებულმა შტატებმა გაიღო უკრაინისთვის მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში შეჭრა დაიწყო. მან ასევე თქვა, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ შეუძლია 24 საათში დაასრულოს ომი. მისი ეს განცხადება გაგებულ იქნა ისე, რომ უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორიები, რომლებიც ამჟამად რუსეთს აქვს დაკავებული. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, რომელსაც მეგობრული ურთიერთობები აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და დონალდ ტრამპთან, არაერთხელ გააკრიტიკა ევროკავშირის მხრიდან უკრაინის დახმარება და ხელს უშლიდა მოსკოვის მიმართ სანქციების დაწესებას. ...