როგორც ის ამბობს, პოლიციამ 17 წლის შვილი ხელიდან გამოსტაცა მაშინ, როცა დარბევის შემდეგ სახლისკენ აპირებდნენ წასვლას: “აქციაზე ვიყავით და უკვე მოვდიოდით რომ შლიდნენ, ვიდექით მარტო, წყნარად პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. უცებ მოკიდეს და წაიყვანეს. ჩემს თვალწინ ძირს დაგდებულს წიხლებით შედგა 7-8 კაცი. ჩემი შვილია-მეთქი ვეძახდი, მგონი მაგის გამო უფრო ურტყეს. არასრულწლოვანია-მეთქი ესეც ვიძახე, მაინც ურტყეს”, — უთხრა რადიო თავისუფლებას ქელბაქიანმა. მისი თქმით, არ იციან სად არის ახლა მისი არასრულწლოვანი შვილი გადაყვანილი. რადიო თავისუფლება ცდილობს ეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაადგინოს, თუმცა უწყების პრესსამსახურში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. три მეორე დღეა საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ხალხმრავალი აქცია იმართება როგორც თბილისში, ასევე სხვა დიდ ქალაქებში. დემონსტრანტები აპროტესტებენ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის გაცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს 2028 წლამდე აჩერებენ. ასევე ნახეთ პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში - ლაივბლოგი 29 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო. შსს-ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“ და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. 28-29 ნოემბრის ღამეს პოლიციამ 43 ადამიანი დააკავა, დაშავდა არაერთი. სამართალდამცავებმა იძალადეს და საქმიანობაში ხელი შეუშალეს 20-ზე მეტ ჟურნალისტს. პოლიციამ დღესაც, 30 ნოემბერსაც დააკავა რამდენიმე ადამიანი. დაკავების დროს პოლიციელები აქციის მონაწილეებზე ძალადობენ. ...