საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საქართველოს მთავრობის მიერ ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეწყვეტის გადაწყვეტილებით გამოწვეულ საპროტესტო ტალღას განცხადებით ეხმაურება. ამ განცხადებით ეკლესია ხელისუფლებას ირიბად უჭერს მხარს, მედიას ახსენებს საკუთარ ფუნქციას და საზოგადოებას თავშეკავებას სთხოვს და მოუწოდებს შეცვალოს "განსხვავებული აზრისა და პოზიციის გამო რადიკალური დამოკიდებულება, აგრესია და უთანხმოება." "მიუხედავად მთავრობის წარმომადგენლების განმარტებებისა, როგორც გუშინ, ასევე დღეს, რომ საქართველო არ უხვევს ევროპული კურსიდან და უარს არ ამბობს ევროპულ ფასეულობებზე, საზოგადოების ნაწილისათვის ეს განმარტებები საკმარისი და დამაჯერებელი არ აღმოჩნდა. შედეგად, მშვიდობიანი დემონსტრაცია ნელ-ნელა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისა და აქციის მონაწილეების ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა" - წერს საპატრიარქოს პრესსამსახური, რომელიც "რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების გამო გულისტკივილსა და შეშფოთებას აფიქსირებს. ეკლესია ერთი მხრივ საუბრობს აქციის მონაწილეების მხრიდან პოლიციელებთან დაპირისპირებაზე და მეორე მხრიდან სამართალდამცველების აგრესიულ ქმედებებზე. "სამწუხაროა, რომ დღესაც, ისევე, როგორც ბოლო წლებში, ეს სურათი არ იცვლება. ჩვენ თვალწინ პერიოდულად ვითარდება მძიმე სცენარი. ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ადამიანებისა და პოლიტიკური პარტიების მიერ ერთმანეთის კატეგორიული მიუღებლობა, განსხვავებული აზრისა და პოზიციის გამო რადიკალური დამოკიდებულება, აგრესია და უთანხმოება. ამ ყოველივეს პარალელურად, მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის თავშეკავებისა და ურთიერთპატივისცემისაკენ მოუწოდებდა და მოუწოდებს ადამიანებს, აზრთა სხვადასხვაობის, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა თუ კურსის მიუხედავად. საზოგადოების წევრები მაინც ორიენტირებული უნდა იყვნენ მშვიდობის შენარჩუნებისაკენ, რათა არ გადალახონ ზღვარი" - ნათქვამია განცხადებაში. ასევე ნახეთ რატომ არის შეუძლებელი აქციების დაშლაში მონაწილე პოლიციელების იდენტიფიცირება - შსს-ს პასუხი მეორე დღეა საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ხალხმრავალი აქცია იმართება. ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ მეორე დღეა აპროტესტებს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის გაცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს 2028 წლამდე აჩერებენ. 29 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო. შსს-ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“...