„ღია საზოგადოების ფონდის“ იურისტი საბა ბრაჭველი აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმისგან გასროლილი რეზინის ტყვიით დაშავდა. ბრაჭველს დაზიანება აქვს თვალთან და სახის არეში. "ტვ პირველთან" საუბარში იგი იხსენებს, რომ სპეცრაზმთან 100 მეტრის მოშორებით იდგა, რა დროსაც რეზინის ტყვია გაისროლეს და მას მოხვდა. "სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა დახმარება გამიწია. ჩიტაძეზე დაიწყეს ფოტოების და ვიდეოების გადაღება. ცხადია, ვიცით ეს რას ნიშნავს, როდესაც ამას აკეთებენ პოლიციელები... ავედით პარლამენტის მეორე მხარეს ინგროყვას ქუჩაზე. ვიყავი მინიმუმ 100 მეტრის მოშორებით სპეცრაზმთან, წყლის ჭავლი რომ გაუშვეს, გაისროლეს ერთი ცალი ტყვია და მომარტყეს თვალთან, არა თვალში, გადავრჩი - წარბი და ლოყა მაქვს დაზიანებული", - ჰყვება ბრაჭველი და ამატებს: "აბსოლუტურად არავის არ ეშინია ამ მოძალადეების, არალეგიტიმური მოძალადე წარმონაქმნის. დღეს გვესვრიან რეზინის ტყვიებს, ამას თუ შევეგუეთ, ხვალ უარესად იქნება მოვლენები". ასევე ნახეთ პოლიციამ პარლამენტთან აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო ასევე ნახეთ პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში - ლაივბლოგი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო. უფრო ადრე პოლიციამ გამოიყენა სავარაუდოდ წიწაკის სპრეიც. საპოლიციო ძალების გამოყენების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ იშლებიან. საპოლიციო ძალების გამოყენებამდე იყო დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის. ისროდნენ ბოთლებსა და საღებავებს. მეორე დღეა საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ხალხმრავალი აქცია იმართება. ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ მეორე დღეა აპროტესტებს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის გაცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს 2028 წლამდე აჩერებენ. ...