„ამავე ჯგუფების წევრები შეკრება-მანიფესტაციისთვის ხელკეტებით, რკინის მილების, ჯაჭვების, საღებავების, სხვადასხვა სახის რკინის ნივთებისა და ხელსაწყოების მობილიზებას აორგანიზებენ და თანამოაზრეებს მოუწოდებენ აქციაზე სამართალდამცველთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განხორციელებისას გამოიყენონ აღნიშნული ნივთები“, - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ. მან მოქალაქეებს შეახსენა, რომ „ძალადობრივი ქმედებების აღსაკვეთად“ „სამინისტრო გამოიყენებს საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ იძულების ღონისძიებებს“. ასევე ნახეთ პრემიერმა აქციაზე ჟურნალისტებზე ძალადობას „მასშტაბური ძალადობის“ შედეგი უწოდა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გუშინ, 28 ნოემბერს, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ განაცხადა. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი შეიკრიბა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ. 29 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო. შსს-ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“ და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. 28-29 ნოემბრის ღამეს პოლიციამ 43 ადამიანი დააკავა, დაშავდა არაერთი. სამართალდამცავებმა იძალადეს და საქმიანობაში ხელი შეუშალეს 20-ზე მეტ ჟურნალისტს. მათ შორის იყო „ფორმულის“ ჟურნალისტი გურამ როგავა, „პუბლიკის“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტები და ა.შ. ...