ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან პირველი განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველო 2028 წლამდე აჩერებს ევროინტეგრაციის პროცესს. მან სავალალო და გულსატკენი უწოდა ამ გადაწყვეტილებას და თქვა, რომ ეს ეწინააღმდეგება როგორც ქართველი ხალხის უმრავლესობის მკვეთრად გამოხატულ სურვილს, ასევე საქართველოს ყველა ხელისუფლების აქამდე არსებულ პოლიტიკას. "მახსოვს, ორი წლის წინ, როცა საქართველოში ჩამოვედი, ჩემმა ხელმძღვანელმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა საჯაროდ განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირის ნაწილია, ევროკავშირი საქართველოს გარეშე არ იქნებოდა სრულყოფილი. ეს იყო სიტყვები, რომლებიც წარმართავდა ჩემს მუშაობას აქ ბოლო ორი წლის განმავლობაში. მე ძალიან ვამაყობდი, რომ ევროკავშირმა კარი გახსნა საქართველოსთვის. ჩვენ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ. რაც გუშინ მოხდა, აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების წინა პოლიტიკას. რეალურად, ეს ეწინააღმდეგება ასევე ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის ნებასაც. მაგრამ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, საქართველო სუვერენული ქვეყანაა და თვითონ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ევროინტეგრაცია", - თქვა მან. კითხვაზე, რა იქნება ევროკავშირის პასუხი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარტნიორებს მოუწოდა, გადადგან ქმედითი ნაბიჯები ქართველი ხალხის მხარდასაჭერად, ელჩმა თქვა, რომ შემდეგი მსჯელობა საქართველოს საკითხზე ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მხრიდან 16 დეკემბერსაა დაგეგმილი და ამის შემდეგ ექნება შესაძლებლობა, მეტი ინფორმაცია გაავრცელოს კონკრეტული ზომების შესახებ. "საქართველოს საკითხი არაერთხელ გახილულა და შემდეგი მსჯელობა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელმწიფოების მხრიდან დაგეგმილია 16 დეკემბერს საგარეო ურთიერთობების საბჭოს სხდომაზე და იმედი მაქვს, ამ სხდომის შემდეგ შემეძლება მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ; რაც ახლა შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ყველა ვარიანტი მაგიდაზეა. ამაზე ჩვენ უკვე ბევრი თვეა ვლაპარაკობთ - ამ ვარიანტებს შორის არის ასევე საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი, მაგრამ ამას განიხილავს და გადაწყვეტს ევროკავშირის 27 ქვეყანა ერთად", - თქვა ჰერჩინსკიმ ჟურნალისტების კითხვის პასუხად. მან მხარდაჭერა გამოუცხადა ხალხს, რომელიც გაბრაზებამ და სასოწარკვეთამ გაიყვანა ქუჩაში და თქვა, რომ დაუშვებელია პოლიციის მხრიდან ძალადობა მშვიდობიან მომიტინგეებზე. "მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს, რომ ევროკავშირი თქვენ გვერდით დგას. ჩვენ სრულად გვესმის თქვენი გაბრაზების, გვესმის თქვენი სასოწარკვეთის. ჩვენ გვესმის, რომ...