შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით და ერთი პოლიციელის დაშავებაზე საუბრობს. შსს აცხადებს, რომ პოლიციის მოწოდების მიუხედავად, პროტესტი გამოხატონ მშვიდობიან ფორმებში და „არ გასცდნენ შეკრება-მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს, შეკრებილთა ნაწილი სამართალდამცველებს უპირისპირდება და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს“. სამინისტროს განცხადებით, აქციის მონაწილეთაგან „სავარაუდო ძალადობრივი ქმედების შედეგად დაშავდა შსს-ის ერთი თანამშრომელი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი“. „კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის წევრებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად“, - აცხადებს სამინისტრო 23:35 საათზე გავრცელებულ განცხადებაში. სპონტანური საპროტესტო აქცია, რომელიც მოჰყვა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის „2028 წლამდე“ შეჩერებაზე, გრძელდება. მცირე ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებთან მივიდა. მის გამოჩენას აქციის მონაწილეები ოვაციებით შეხვდნენ და ისმოდა შეძახილები - „სალომე“, „სალომე“. „იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დასრულდება სანამ არ მივიღებთ ახალ არჩევნებს“, - უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. ასევე ნახეთ პრეზიდენტი პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებთან მივიდა ...