დღეს, 28 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გზის გადაკეტვის საქმეებზე 10 სხდომა გაიმართა. შედეგად 20 ადამიანს, რომლებიც არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამართულ აქციებში მონაწილეობდნენ, ჯამში 10 000 ლარის ჯარიმის გადახდა დააკისრეს. არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, როცა მოსამართლემ შსს-ს ადმინისტრაციული სარჩელი არ დააკმაყოფილა. 21 დაჯარიმებულიდან 20-ს შინაგან საქმეთა სამინისტრო 10 და 17 ნოემბერს გამართულ აქციებზე გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა. ყველა მათგანი 500-500 ლარით დაჯარიმდა. დაჯარიმებულებს შორისაა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა, რომელიც მოსამართლე ზვიად ცეკვავამ საქმის განხილვის მიმდინარეობისას სხდომიდან გააძევა და „სასამართლოს უპატივცემულობის” მოტივით 200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ასევე ნახეთ მოსამართლემ პოლიტიკოსი ლაშა ფარულავა სხდომიდან გააძევა და 200 ლარით დააჯარიმა 2 500 ლარით დააჯარიმეს ტელეკომპანია "ფორმულის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ლიფონავა. მას შსს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. გიორგი ლიფონავა ადმინისტრაციული წესით ცესკოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 16 ნოემბერს დააკავეს. პროცესები იდენტურად წარიმართა - შსს-მ ყველა სხდომაზე მტკიცებულებად წარადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ვიდეოები, რომლებიც უმეტესად სატელევიზიო ეთერიდან მოჭრილი მონაკვეთები იყო. ადვოკატები მტკიცებულებების არარსებობაზე საუბრობენ და მოსამართლეებს გადაწყვეტილების მიკერძოებულად მიღებაში ადანაშაულებენ. მათი შეფასებით, ვიდეოები, რომლებიც გზის გადაკეტვას უნდა ადასტურებდეს, ამას არ აჩვენებს, უფრო მეტიც - „მოქმედების პროცესი საერთოდ არ ჩანს“. „შეკრების და მანიფესტაციის უფლება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება. ჩვენ მივიღეთ სურათი, როცა მოქალაქეებს გვიზღუდავენ შეკრების და მანიფესტაციის უფლების სარგებლობას. არათუ გვიზღუდავენ, არამედ ცდილობენ მსუსხავი ეფექტი იქონიოს. გადაწყვეტილება ნამდვილად არ ადგას ობიექტურ მტკიცებულებებს, ამოწყვეტილი კადრებით არის წარმოდგენილი, რომ ეს პირი იმყოფებოდა აქციაზე. რადგან იმყოფებოდა, დადგენილად მიიჩნევენ ფაქტს, რომ კანონს არღვევდა. ამას დადასტურება სჭირდება, რაც სხდომაზე ვერ წარმოადგინეს“, - ამბობს ადვოკატი ნესტან ლონდარიძე. ერთ-ერთმა დაჯარიმებულმა ბანიამინ კასიმოვმა სასამართლოზე თქვა, რომ მას ედავებიან გზის გადაკეტვას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მტკიცებულებად კი მარცხენა სანაპიროზე გადაღებული კადრებია წარმოდგენილი. ამის შემდეგ მან იკითხა: „აქცია-მსვლელობა რომ იყო 24 ნოემბერს თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან წამოვედით პარლამენტისკენ. აქციის მონაწილეები 9 აპრილის ქუჩიდან "თბილისი მერიოტამდე" იდგნენ, თუმცა გზა პოლიციამ რესპუბლიკის მოედნის დასაწყ...