სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ზურაბიშვილი ფონ დერ ლაიენს მიმართავს და გამოთქვამს რწმენას, რომ ახალი ევროკომისია საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნებაში დაეხმარება. "გილოცავთ პრეზიდენტო [ურზულა] ფონ დერ ლაიენ თქვენს ახალ მანდატს. მჯერა, რომ თქვენ იგივე მონდომებით გააგრძელებთ უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში დემოკრატიისა და თავისუფლების, უფრო ძლიერი და დიდი ევროპის იდეის დაცვას. დღეს რთული პერიოდის წინაშე ვდგავართ. ქართველებს გვჯერა, რომ თქვენი ხელმძღვანელობით, ახალი ევროკომისია ძლიერ მიმართულებას მისცემს საქართველოს, რათა დაეხმაროს ევროპულ გზაზე დაბრუნებაში", - წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. три 27 ნოემბერს ევროპარლამენტმა ევროკავშირის მთავარი აღმასრულებელი ორგანოს, ევროპის კომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 370-მა დეპუტატმა, ძირითადად მემარჯვენე-ცენტრისტებმა, მემარცხენე-ცენტრისტებმა და ლიბერალებმა. წინააღმდეგი იყო 282 დეპუტატი, ძირითადად იმ ძალების წარმომადგენლები, რომლებიც ამ მოწვევის ევროპარლამენტში ოპოზიციას წარმოადგენენ (მემარჯვენე პოპულისტები და ნაციონალისტები, ნაციონალ-კონსერვატორები, მემარცხენეები). 36-მა დეპუტატმა თავი შეიკავა. კომისიას კვლავ უხელმძღვანელებს გერმანიის წარმომადგენელი ურზულა ფონ დერ ლაიენი. 27 ნოემბერს იგი თავის გამოსვლაში პირველ რიგში შეეხო უსაფრთხოებისა და ეკონომიკის საკითხებს. მან აღნიშნა ევროკავშირის „სტრატეგიული დამოუკიდებლობის“ მნიშვნელობა, მათ შორის - რუსეთის ენერგომატარებლების იმპორტისგან. მან ასევე კვლავ მოუწოდა ევროკავშირის წევრებს, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები. ასევე ნახეთ ევროპარლამენტმა დაამტკიცა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა ...