„მოგვიწია საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებების მიღება ერთად, თუმცა კარგად გვესმოდა და გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყო ევროპული, ყველანაირად მოწესრიგებული და გამართული. ვიკას როლი ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, - თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ. მან აღნიშნა, რომ ვიქტორ წილოსანი კერძო სექტორში აგრძელებს მუშაობას: „ის ჩვენი გუნდის წევრად რჩება და ნებისმიერ დროს მას ექნება შესაძლებლობა, თუ ის გადაწყვეტს, დაბრუნდეს დედაქალაქის მერიაში და თბილისელების სამსახურში იყოს“. ვიქტორ წილოსანის ნაცვლად, ამ თანამდებობას დაიკავებს ნინო ბაგალიშვილი. იგი მანამდე წილოსანის მოადგილედ მუშაობდა. ვიქტორ წილოსანის თბილისის ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში დედაქალაქში ამოქმედდა ზონალურ-საათობრივი პარკინგი, დღის საათებში ქალაქის ნაწილში აიკრძალა სატვირთო ავტომანქანების გადაადგილება, დაინერგა ტაქსის ლიცენზირების სისტემა, დაიხაზა საავტობუსო ზოლები, შემოიყვანეს 10, 12 და 18-მეტრიანი ავტობუსები. ვიქტორ წილოსანი თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურს 2019 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა. მის მიმართ პრეტენზია ხშირად ისმოდა ქალაქში არსებული საცობებისა და გამკაცრებული პარკირების შემდეგ მძღოლებისთვის დაკისრებული ჯარიმების გამო. ...