რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შავ სიაში შეიყვანა ბრიტანეთის 30 მოქალაქე, მათ ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ. სიაში შეყვანილთა შორის არის მთავრობის 15 წევრი, მათ შორის - 12 მინისტრი. რუსეთის საგარეო უწყების ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აკრძალვა დაწესდა პასუხად „ბრიტანული მხარის მტრულ ქმედებებზე“. მათ შორისაა სანქციები, უკრაინის მხარდაჭერა და მსოფლიოში რუსეთის იზოლაციის მცდელობები. საგარეო საქმეთა სამინისტრომ, კერძოდ, შავ სიაში შეიყვანა ბრიტანეთის შინაგან საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა, მეწარმეობისა და ვაჭრობის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ჯანდაცვის, გარემოს დაცვის მინისტრები. გარდა ამისა, სიაში მოხვდნენ პარლამენტის ორივე პალატის ლიდერები და ლანკასტერის საჰერცოგოს კანცლერი, ისინი ასევე შედიან მთავრობის შემადგენლობაში. ასევე ნახეთ ფსბ-ს თანახმად, რუსეთს ატოვებინებენ მოსკოვში დიდი ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომელს აგრეთვე სიაში მოხვდა რამდენიმე ოფიციალური პირი, სამხედრო ტექნიკის მწარმოებლების დირექტორთა საბჭოს წევრები და გაზეთ Times-ის ჟურნალისტი ტომ ბოლი და Daily Mail-ის ჟურნალისტი დენ ვიდლანდი. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან მოყოლებული, დიდი ბრიტანეთი მუდმივად უჭერდა მხარს კიევს, მათ შორის, უკრაინას უწევდა სამხედრო და ფინანსურ დახმარებას და ზღუდავდა რუსეთის ეკონომიკის შესაძლებლობებს. ნოემბრის ბოლოს ფრანგული გაზეთი Le Monde-ი წერდა, რომ ბრიტანეთი და საფრანგეთი განიხილავდნენ უკრაინაში სამხედრო პერსონალის გაგზავნის შესაძლებლობას. ამის შესახებ ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა. ასევე ნახეთ Le Monde: ევროპის ზოგიერთი ქვეყანა უკრაინაში თავისი ჯარის გაგზავნას განიხილავს ...