მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს, პარლამენტში მყოფი დეპუტატები მას ფეხზე წამოუდგნენ და აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს. მე-11 მოწვევის პარლამენტმა, - რომელმაც პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გახსნა, პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელის მიუხედავად, რომლითაც ის არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს - პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო. ამის შემდეგ სხდომათა დარბაზში ვრცელი სიტყვით გამოვიდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. მამუკა მდინარაძემ სიტყვის ბოლოს მადლობა გადაუხადა პარტიის დამფუძნებელს, საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, რასაც დარბაზში ტაში მოჰყვა. სხდომას მთავრობის წევრები და „ოცნების“ წევრები ესწრებიან - ოპოზიციური პარტიები შეკრებას არალეგიტიმურად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. „მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პერსონალურად ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მოგვცა საშუალება, რომ ასე თამამად, ამაყად ვთქვათ, რომ ჩვენ ჩვენს სამშობლოს ვემსახურებით... პირიქით, როცა ისინი [ოპონენტები] ამბობდნენ, ცალ ფეხზე უნდა დავდგეთ, თუ ევროპა გვეტყვისო, ჩვენ გვაქვს მყარი საშუალება, რომ ორ ფეხზეც ვიდგეთ და ეროვნულ ინტერესებსაც ვემსახუროთ“, - განაცხადა მდინარაძემ. მდინარაძემ თქვა, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს „მუდმივად უმრავლესობაში ყოფნას“, თუმცა „სანამ არ იქნება ეროვნული ძალები ოპოზიციაში, მანამდე იქნება „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში“. „და მანამდე „ქართულ ოცნების“ ასრულებაზე ვიზრუნებთ - რაც შეიძლება ჩქარა და მალე გაერთიანებული ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები უნდა ვიყოთ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ერთად“, - განაცხადა მან. „ასე რომ, თქვენ პერსონალურად ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რომ ასე თამამად და ამაყად ვლაპარაკობთ. მადლობა ყველას. მედიას. გულწრფელი“, - მიმართა მან ივანიშვილს გამოსვლის ბოლოს. ამის შემდეგ დარბაზში მსხდომები ფეხზე წამოდგნენ და ტაში დაუკრეს. მდინარაძის გამოსვლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა პარლამენტის უხუცესმა წევრმა ლადო კახაძემაც, - რომელიც სხდომას უძღვება: „კიდევ ერთხელ ვადასტურებ უდიდეს პატივისცემას იმ დიდი კაცის მიმართ, რომელმაც ყველაფერ ამას დაუდო სათავე. ეს გრძელდება და მიზანი მიღწეული იქნება ისეთი, როგორსაც იმსახურებს საქართველოს ხელთუქმნელი წარსული და მომავალი თაობა. დიდი მადლობა, ბატონო ბიძინა, ყველას სახელით“, - განაცხადა მან. აპლოდისმენტები ამ ნათქვამსაც მოჰყვა. მანამდე მცირე ხნით ადრე, დამსწრე დეპუტატებმა, - „ქართული ოცნების“ წევრებმა, - პარლამენტის წევრის ფიცი დადეს. ახალი პარლამენტის პირველი სხდომა, - განსხვავებით კონსტიტუციი...