საქართველოში ჩეხეთის ელჩის, პეტრ კუბერნატის თანახმად, თბილისში, ვაკის რაიონში, ჩეხეთის საელჩოს მოწყობილი გამოფენა, რომელიც 1989 წლის ხავერდოვან რევოლუციას ეძღვნებოდა, დააზიანეს. ელჩმა კუბერნატმა 23 ნოემბერს პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც დაზიანებული საგამოფენო ბანერები ჩანს. „სამწუხაროდ, ასე დასრულდა 1989 წლის ჩეხეთის ხავერდოვანი რევოლუციის 35 წლისთავისადმი მიძღვნილი ჩვენი გამოფენა ერთი კვირის შემდეგ“, - წერს ელჩი. გამოფენა ვაკეში, თამარაშვილის ქუჩაზე, ვაკის რაიონის გამგეობის მოპირდაპირედ მდებარე ვაცლავ ჰაველის პარკის გალავანზე იყო განთავსებული. „არ მჯერა, რომ ვინმეს არ მოსწონებოდა ეს გამოფენა!“ - წერს ელჩი. три ერთი კვირის წინ, 16 ნოემბერს, გამოფენასთან დაკავშირებით, ჩეხეთის საელჩო წერდა: „17 ნოემბერს ჩეხები იხსენებენ ჩეხოსლოვაკიაში ხავერდოვანი რევოლუციის მნიშვნელოვან მოვლენებს. წელს ჩვენ აღვნიშნავთ კომუნისტური რეჟიმის დაცემის 35 წლისთავს, რომელმაც გზა გაუხსნა ჩვენს თავისუფლებასა და დემოკრატიას. 1989 წლის 17 ნოემბერს ჩეხოსლოვაკიაში ხალხი გამოვიდა ქუჩებში 1939 წლის ტრაგიკული დღეების 50 წლისთავთან დაკავშირებით, როდესაც ჩეხეთის უნივერსიტეტები ნაცისტებმა დახურეს და პატრიოტი სტუდენტები დახვრიტეს. თუმცა, ეს დემონსტრაცია გადაიქცა მასობრივ პროტესტად კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ და ხავერდოვანი რევოლუციის დასაწყისად. დღესდღეობით, 17 ნოემბერი აღინიშნება როგორც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის, ასევე სტუდენტთა საერთაშორისო დღედ. 17 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით საელჩომ მოაწყო გამოფენა, რომლის ნახვაც ჭავჭავაძის გამზირზე სამი კვირის განმავლობაში იქნება შესაძლებელი“. три 17 ნოემბერს ჩეხეთსა და სლოვაკეთში „ხავერდოვან რევოლუციად“ წოდებული მოვლენების 35-ე წლისთავი აღნიშნეს. ბერლინის კედლის დანგრევიდან მეცხრე დღეს პრაღაში ძალის გამოყენებით დაშალეს სტუდენტთა მშვიდობიანი დემონსტრაცია კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ. მეორე დღეს გაიფიცნენ პრაღის თეატრების თანამშრომლები, ხოლო სტუდენტებმა ქალაქის უმაღლესი სასწავლებლების კამპუსები დაიკავეს. რამდენიმე დღის შემდეგ დემონსტრანტთა რიცხვი უკვე ასიათასობით იყო, ხოლო თვის ბოლოს ჩეხოსლოვაკიის კომუნისტი ლიდერები თავისუფალი არჩევნების ჩატარებას დათანხმდნენ. დეკემბერში მოწყობილ არჩევნებში გაიმარჯვა დისიდენტმა დრამატურგმა ვაცლავ ჰაველმა, რითაც დაიწყო დემოკრატიული აღდგენის პროცესი. ასევე ნახეთ ძირს უთხრის კულტურული დიალოგის პატივისცემას - დანიის ელჩი ჩეხეთის საელჩოს გამოფენის დაზიანებაზე ...